რუსეთი ისევ გვიპყრობს

რუსეთი ისევ გვიპყრობს!

კაცობრიობის ისტორიაში ომები ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეზე ეკონომიკური გავლენის მოპოვების მიზნით წარმოებდა. XXI საუკუნე რუსეთმა ყოველგვარი თოფების და, მითუმეტეს, ბომბების გასროლის გარეშე დაიწყო თავისი ზეგავლენის ხელმეორედ გაძლიერება საქართველოში.
ჯერ იყო და საქართველოს უნიათო ხელისუფლებამ რუსეთის კომპანიას ,,იტერას” ხელში ჩაუგდო საქართველოს ენერგეტიკის ისეთი მნიშვნელოვანი სფერო, როგორიცაა ბუნებრივი აირის ბიზნესი. შემდეგ, თურმე ჩვენთვის ,,იტერას” ყოფნა საქართველოში წამგებიანი ყოფილა და ერთი ხელის დაკვრით ეს ყველაფერი აღმოჩნდა მეორე (მთავარი) რუსული კომპანიის ,,გაზპრომის” ხელში.
შემდგომ იყო და, ყველასაგან ფარულად, საქართველოს მთავრობამ ,,მიაღწია” იმას, რომ ენერგეტიკის სფეროს მეორე გიგანტს- ამერიკულ AEC (ამერიკული ენერგო სისტემები) ელექტროენერგიის ბიზნესი გამოგლიჯა და ესეც რუსული კომპანიის РОЭС-ის (რუსეთის გაერთიანებული ენერგო სისტემები) ხელში აღმოჩნდა. შედეგად რუსეთმა სრული კარტ- ბლანშე მიიღო თოფის გაუსროლად, საქართველოს მთავრობისაგან ჩვენს ეროვნულ ენერგეტიკაში. ეს ყველაფერი რომ სპონტანურად არ მოხდა, ამას ადასტურებს სოჭში პრეზიდენტ შევარდნაძეს და პრეზიდენტ პუტინს შორის ტეტ-ა-ტე ,,ჭუკ-ჭუკი” ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე (იგულისხმე საკუთრების უფლებაზე) რუსეთის ექსკლუზიური უფლების შესახებ.
საქართველოს ენერგეტიკა არმოჩნდა ისეთ კაბალაში, როგორშიც ყოფნას მტერს არ უსურვებენ; ანუ, მოიქცევა საქართველოს მთავრობა ,,ჭკვიანად” – ექნება გაზი და შუქი; არ მოიქცევა საქართველოს მთავრობა, ისე როგორც რუსეთს სურს -მშვიდობით სითბო და შუქო!
ამის შესახებ დაუფარავად ქართული სატელევიზიო კომპანიის ,,რუსთავი-2”-ის ეთერით მოსკოვიდან საუბრობდა რუსეთის დუმის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერიც.
რა შეიძლება ვიღონოთ ასეთ ,,დაშამათებულ” სიტუაციაში?
ჩვენი აზრით, პირველ რიგში უნდა შევეცადოთ, რომ ელექტრო ენერგიის და ბუნებრივი აირის სადისტრიბუციო ქსელები ლეგიტიმური გზით ქართული ან უკიდურეს შემთხვევაში დასავლური კომპანიების ხელში გადავიდეს (საკონტროლო პაკეტები მაინც). მეორე რიგში, აუცილებლად უნდა ვეძებოთ ენერგორესურსების მოწოდების ალტერნატიული გზები,ხოლო ელექტროენერგიასთან დაკავშირებით კი, გენერაციის ალტერნატიული პროექტები (მზის და ქარის ენერგიები) და მცირე ჰესების პროგრამების რეალიზება,რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება დამოუკიდებელი ენერგეტიკის შესაქმნელად. ასევე, დღის წესრიგში უნდა იყოს დიდი ჰესების კვლავ ამუშევებაში და ახლების აშენებაში დასავლეთის ინვესტიციების მოზიდვის საკითხი. რაც შეეხება ბუნებრივი აირით ალტერნატიულ მომარაგებას, ეს ალბათ შაჰდენისის გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ თავისთავად გადაწყდება.
მავანნი იტყვიან,  სანამ ამას ხელისუფლება თავს მოაბავს, სიცივისგან და შიმშილისგან სული გაგვძრებაო.
მაშ როგორ მოვიქცეთ?
მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა რუსული ხალხური, ეროვნული გმირი Ванъка-встанъка, ანუ, ავყვეთ რუსეთის ეკონომიკური ექსპანსიის დამქაშებს ქანაობაში მანამადე, სანამ მოვძლიერდებით და მათივე ენერგო-რესურსების გამოყენებით შევქმნათ ქართული ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი პროდუქცია და მათვე, რუსებს მივაყიდოთ იგი.
რომელი ქართული პროდუქცია შეიძლება იყოს რუსეთის ბაზარზე ფართოდ დამკვიდრების საგანი?
ჩვენი აზრით ეს, უპირველეს ყოვლისა, ეკოლგიურად სუფთა და დასავლურად შეფუთული კვების პროდუქტები უნდა იყოს: ღვინო, მინერალური და მტკნარი სასმელი წყლები და ხილი და ხილის ნატურალური წვენები. ეს ის არასრული ნუსხაა პროდუქტებისა, რომელიც შესაძლებელია გავიტანოთ მსოფლიო ბაზარზე. მაგრამ ამის შესახებ შემდგომ, რუბრიკით – ,,რითი ვართ მდიდრები?”
ყოველივე ამისათვის ჰაერივით გვჭირდება ფინანსები მიზნობრივად, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადასამუშავებლად.
ვინ გახდება საქართველოს ,,მარშალის გეგმის” დამფინანსებელი?  – ,,საკითხავია ესოდენ”!

აგვისტო, 2003 წელი.

 

Leave a comment